ეკატერინე ლოსაბერიძეს აკადემიური დოქტორის ხარისხი მიენიჭა 07/04/2018 12:00 AM

   3 ივლისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა ამავე უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დოქტორანტის, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ბიბლიოთეკარის ეკატერინე ლოსაბერიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა. საჯარო პაექრობას უნივერსიტეტის და არამხოლოდ უნივერისტეტის პროფესორებთან ერთად კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ინოვაციური სწავლებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კოორდინატორი ქალბატონი ლალი ჩარკვიანი ესწრებოდა. განათლების თეორიისა და ისტორიის სპეციალობის აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად ქალბატონმა ეკატერინემ მოამზადა ნაშრომი, სახელწოდებით - ,,გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარების თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიები“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფესორი იმერი ბასილაძე). მან ნაშრომში წარმოადგინა კვლევა, რომლის მიზანი იყო სასწავლო პროცესში გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარების თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიების დანერგვის უპირატესობების გამოვლენა ტრადიციული სწავლების ძირითად მახასიათებლებთან მიმართებაში და ტრადიციული სწავლების კარგად აპრობირებული მეთოდების თანამედროვე სწავლების ინოვაციურ მეთოდებთან კომბინირებული გამოყენება. დოქტორანტმა საკუთარი კვლევის შედეგად წარმოადგინა რეკომენდაციები და დასკვნები, რომელიც პროდუქტიული და აქტუალურია, როგორც მოქმედი ასევე დამწყები პედაგოგებისათვის. სადისერტაციო საბჭოს წევრთა აზრით, ნაშრომში მოცემული თეორიული დებულებები და დასკვნები შეიძლება გამოყენებულ იქნას საგანმანათლებლო პროცესის, სასკოლო და უმაღლესი განათლების ორგანიზებაში, ასევე პედაგოგიური კადრების მომზადება-სრულყოფაში. საბოლოოდ, საბჭოს წევრთა სრული თანხმობით ეკატერინე ლოსაბერიძემ მოიპოვა აკადემიური დოქტორის ხარისხი.

ფოტო გალერეა