დირექტორის მიმართვა კადეტებს 09/15/2021 11:33 AM

კადეტებო!

გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებებს! მართალია,დისტანციურ რეჟიმში გვიწევს სასწავლო პროცესის დაწყება, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს ამის კარგი გამოცდილება.  ყველანი თანამედროვე ეპოქის გამოწვევის წინაშე ვდაგავრთ, რომელიც ერთად უნდა დავძლიოთ.   

ლიცეუმში ჩაბარებით, კადეტის სტატუსის მიღებით თქვენ დაამტკიცეთ, რომ გამოთქვამთ მზაობას, დროის ყოველი მონაკვეთი დაუთმოთ თვითგანვითარებას, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას, გამოთქვამთ მზაობას, ატაროთ, ფორმა, რომელიც აცვია ქართულ ჯარს, იცხოვროთ სამხედრო ცხოვრების წესით, გახდეთ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის, თავდაცვის ძალების წევრი, მაგრამ იცოდეთ, ეს ყველაფერი არ არის. ლიცეუმში ყოფნის პერიოდში, თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ იყავით მართლაც ღირსეული კონკურენტები იმ თანატოლებისა, რომლებიც თქვენთან ერთად ცდილობდნენ კადეტის სტატუსის მორგებას.

ლიცეუმი, ცოდნასთან ერთად, მოგცემთ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გამოცდილებას, შეგძენთ ელემენტარულ სამხედრო  უნარ-ჩვევებს, გაჩვევთ სამხედრო დისციპლინას, გასწავლით არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ერთმანეთის წარმატებისაკენ სწრაფვას, როგორც ჯარისკაცები იბრძვიან მხარდამხარ და არასდროს ტოვებენ ერთმანეთს ბრძოლის ველზე, ასე უნდა იზრუნოთ ერთმანეთის წინსვლაზე, წარმატებაზე, საუკეთესო შედეგზე, მოტივაციაზე.

ყოველი დღე ახალ შესაძლებლობებს გთავაზობთ, უნდა შეძლოთ ამ შესაძლებლობების დანახვა და გამოყენება. ლიცეუმის წესების შესაბამისად, როცა თქვენი დღე დაიწყება დილის ექვს საათზე, მოირგებთ ფორმას, დადგებით სამწყობრო მოედანზე, მიიღებთ მხედრულ სალამს, როცა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე აღიმართება ქართული დროშა, საკუთარ თავს უთხარით: მე ეს შემიძლია! შემიძლია ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი!

ყველამ კარგად ვიცით სასკოლო ცხოვრების ქვაკუთხედი წარმოუდგენელია მასწავლებლებისა და მშობლების გარეშე. მინდა მათ მადლობა გადავუხადო  და წარმატებები ვუსურვო იმ საპასუხისმგებლო საქმეში,  რომელსაც მოსწავლისა და შვილის აღზრდა ჰქვია.

კადეტებო, გჯეროდეთ, რომ თითოეული ჩვენგანი, სამხედრო მოსამსახურეები, მასწავლებლები, ინსტრუქტორები, ლიცეუმის ყოველი პერსონალი დაუღალავად ვზრუნავთ თქვენი წარმატებისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს!

 

ლიცეუმის დირექტორი

ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი