დირექტორი კადეტთა თვითმმართველობას შეხვდა 11/19/2020 12:00 AM

კადეტთა თვითმმართველობას ლიცეუმის დირექტორი ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი შეხვდა.
 
შეხვედრა ონლაინ რეჟიმში Teams-ის პლატფორმის გამოყენებით წარიმართა. შეხვედრის პირველი ნაწილში ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი თვითმმართველობის წევრებს გაეცნო და თანამშრომლობასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა. კადეტებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა ყველა საინტერესო იდეის განხორციელებაში.
 
„მე ვარ არა მარტო კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, არამედ თქვენი მეგობარი, მშობელი, თანაკურსელი, თანამოაზრე, მე ვიქნები თქვენი საინტერესო და მნიშვნელოვანი წამოწყებების მხარდამჭერი. მსურს, მაქსიმალურად გამოიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გთავაზობთ. ლიცეუმის ხელმძღვანელობა და თავდაცვის სამინისტრო თქვენზე დიდ იმედებს ამყარებს, რადგან თქვენ ხართ თაობა, რომელმაც სამომავლოდ ქვეყნის სადავეები უნდა აიღოთ ხელთ. სამომავლო პროფესიასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოთ, მაგრამ პირად მაგალითზე გეტყვით, რომ თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების მაქსიმალური შესაძლებლობას აძლევს. ვისურვებდი, კადეტთა უმრავლესობა ვიხილო თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, რათა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და კეთილდღეობაზე ერთ გუნდად ვიზრუნოთ“- აღნიშნა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა.
 
შეხვედრის მეორე ნაწილი სამუშაო რეჟიმში წარიმართა. კადეტთა მიერ წამოჭრილი საკითხები შეეხებოდა როგორც საგანმანათლებლო პროგრამებს ასევე, ჯანმრთელობისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებს.
 
დირექციას კადეტთა თვითმმართველობასთან აქვს როგორც გეგმიური ასევე, არაგეგმიური შეხვედრები.