აკადემიური დოქტორის ხარისხის მოპოვება 03/16/2018

 15 მარტს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა ამავე უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დოქტორანტის, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პედაგოგის ნინო ყანჩელის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა. საჯარო პაექრობას უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელობა ესწრებოდა.

   განათლების თეორიისა და ისტორიის სპეციალობის აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად ქალბატონმა ნინომ მოამზადა ნაშრომი, სახელწოდებით - ,,ჯონ დიუის პედაგოგიკური შეხედულებები“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფესორი იმერი ბასილაძე). მან ნაშრომში წარმოადგინა კვლევა, რომლის მიზანი იყო ჯონ დიუის პედაგოგიური იდეების განხილვა და ისეთი ამოცანების გადაჭრა, როგორიცაა: პრობლემური სწავლება, დიუის დიდაქტიკური სისტემა, პრაგმატიკული და ინსტრუმენტალური პედაგოგიკა. განიხილა ამერიკელი ფსიქოლოგის, ფილოსოფოსისა და პედაგოგის პროგრესული შეხედულებების მნიშვნელობა ქართული საგანმანათლებლო სისტემისათვის. 

   ,,დღეისათვის ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში, ძალზედ აქტუალურია და ეტაპობრივად იკიდებს ფეხს დიუის შემდეგი შეხედულებები: სწავლა გამოცდილებით, ჯგუფური მუშაობა და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა, სწავლა-გაგებისათვის და არა ზეპირობა, კრიტიკული აზროვნების განვითარება, ინდივიდუალიზაცია, სოციალური ეფექტურობა, მასწავლებელი მრჩეველი და ფასილიტატორი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს აღმოჩენით/გამოკვლევით სწავლაში. პედაგოგის ამოცანაა ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის განვითარებას“- აღნიშნა ქალბატონმა ნინომ საკუთარ მოხსენებაში. 

სადისერტაციო საბჭოს წევრთა აზრით, ნაშრომი უნდა გამოიცეს მონოგრაფიის სახით, რადგანაც მასში მოცემული თეორიული დებულებები და დასკვნები შეიძლება გამოყენებულ იქნას საგანმანათლებლო პროცესის, სასკოლო და უმაღლესი განათლების ორგანიზებაში, ასევე პედაგოგიური კადრების მომზადება-სრულყოფაში. 

   სიტყვით გამომსვლელთა შორის ასევე იყო ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძინძბაძე. ,,მნიშვნელოვანი და ხმამაღალი სიტყვა თქვა ამ სფეროში ჩვენმა პედაგოგმა. ამ ახალი სიტყვით გელოდებით ლიცეუმში, რათა ნაშრომს თეორიულ ღირებულებასთან ერთად პრაქტიკული მნიშვნელობაც შევძინოთ. ჩვენი დაწესებულება გამოთქვამს მზაობას სწავლების ინოვაციური მეთოდებისა და მიდგომების დასანერგად“- განაცხადა მან. საბოლოოდ, საბჭოს წევრთა სრული თანხმობით ნინო ყანჩელმა მოიპოვა აკადემიური დოქტორის ხარისხი.

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით პედაგოგიური კოლექტივი მუდმივად ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე. დღესდღეობით ლიცეუმის მასწავლებელთა შორის შვიდი აკადემიური დოქტორია.

ფოტო გალერეა