აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი თაიგულით შეამკეს სამხედრო მოსამსახურეებმა 08/08/2020 12:11 PM

დღეს ქუთაისში მდებარე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი თაიგულით შეამკეს სამხედრო მოსამსახურეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
 
დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა თეიმურაზ კვინიკაძემ, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე კუხიანიძემ, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეებმა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა.
 
“პატივი მივაგეთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას, ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე და ემოციური არის ეს დღე, მე პირადად ვმონაწილეობდი აღნიშნულ ომში, არაერთი სახელოვანი ვაჟკაცი დაიღუპა ჩემს გვერდით ... ჩვენი ვალია შთამომავლობას გადავცეთ მათი სახელები, სწორედ, რომ მათი გმირობის მაგალითზე უნდა აღიზარდონ მომავალი თაობები“- აღნიშნა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე კუხიანიძემ.
 
ფოტო გალერეა