26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 05/26/2017

   საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. ოფიციალური ცერემონია ფიცის დადებით დაიწყო. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სავალდებულო სამსახურის 300-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი დადო. საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს პატაკი გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ჩააბარა.

   საქართველოს მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცეს. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

   თავისუფლების მოედანზე  საქართველოს შეიარაღებული ძალების ის ქვედანაყოფები იყო წარმოდგენილი, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში  როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ მნიშვნელოვან წარმატებებს მიღწიეს.

   პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

   ღონისძიება მუსიკალურად ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრმა გააფორმა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ანსამბლმა „მძლევარმა“ შეასრულა, ანსამბლმა „ქართულმა ხმებმა“ კი, სპეციალურად საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის შექმნილი სიმღერა გააჟღერეს.

   ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების ელჩები და სამხედრო ატაშეები, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე რიგითი მოქალაქეები დაესწრნენ.

   საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენაც მოეწყო. სამხედრო ტექნიკა ასევე, გამოიფინა თელავში, გორში, რუსთავში, ოზურგეთში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, ახალციხეში, ფოთში, ზუგდიდსა და ამბროლაურში.

ფოტო გალერეა

ვიდეო