კონკურსი ,,ალიანტე“

08-02-2017

   2017 წლის 28 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით საერთაშორისო კონკურსის „ალიანტე 2017“ ეროვნული ფინალი გაიმართა. კონკურსში 15-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისგან შემდგარი 2-წევრიანი გუნდები მონაწილეობდნენ. ფინალში გასული კონკურსანტები ერთმანეთს, როგორც ინტელექტუალურ, ისე ფიზიკურ აქტივობებში შეეჯიბრნენ. ინსტრუქტორების დახმარებით, მოეწყო შეჯიბრებები ხელოვნურ კედელზე ცოცვაში, საცეცხლე მომზადებაში და სხვადასხვა სირთულის დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში. ეროვნულ ფინალში ერთამანეთს 25 გუნდი დაუპირისპირდა. მათ შორის იყვნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები მარიამ კობერიძე და ანი სილაგაძე (პედაგოგი ბესიკ მაჩიტაძე). ისინი კონკურსის ეროვნულ ფინალში წარმატებით მონაწილეობსათვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ეროვნული ფინალის მონაწილეებს ეროვნული გვარდიის სკოლაში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე შეხვდა. შეხვედრაზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, მიმდინარე აქტუალურ თემებსა და ევროპული ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე. შეხვედრის შემდეგ ეროვნული ფინალის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა გამარჯვებულები სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვა. პროექტს ახორციელებს საერთაშორისო კონკურს „ალიანტეს“ ორგანიზატორი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო“. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.